თურქეთში აცხადებენ, რომ აია სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა
თურქეთში აცხადებენ, რომ აია სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა

აია სოფიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შოკისმომგვრელია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჰამი აკსოიმ განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აია სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა, როგორც ქვეყნის სუვერენული უფლების ნაწილი.

„აია სოფია ჩვენ მიწაზე მდებარეობს და არის თურქეთის საკუთრება, როგორც ყველა ჩვენი კულტურული აქტივი. ბუნებრივია, ყველა თავისუფალია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. თუმცა, არავინ უნდა ისაუბროს ჩვენ სუვერენულ უფლებებზე „ჩვენ მოგიწოდებთ, ჩვენ ვითხოვთ“ ფორმატში. თურქეთი იცავს ყველა თავის კულტურულ ქონებას, მათ შორის, აია სოფიას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურისა და ისტორიის ტოლერანტობის ტრადიციის ფარგლებში“, – განაცხადა ჰამი აკსოიმ.

პირველ ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აია სოფიას მუზეუმის სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს.

აია სოფია 916 წლის განმავლობაში ქრისტიანული ეკლესია იყო. 1453 წელს ოსმალთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა. თურქეთის რესპუბლიკის დროს, 1935 წელს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

თურქეთში განიხილავენ საკითხს, რომ აია სოფიას კვლავ მეჩეთი ეწოდოს.