თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, აჰმეთ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულია ხმათა 52.14 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო მანდატს მომდევნო ხუთი წლით ჩაიბარებს.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. მასში 14 მაისს გამართულ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი ოპოზიციონერი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ მონაწილეობდნენ.