თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში 23 ტერორისტული ობიექტი განადგურდა
თურქეთის საჰაერო დარტყმებმა გაანადგურა 23 ტერორისტული ობიექტი ქვეყნის სამხრეთ საზღვართან, ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში, ბევრი ტერორისტი კი განეიტრალდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„ავიადარტყმები განხორციელდა ტერორისტულ სამიზნეებზე მეტინას, ჰაკურკის, გარას, ყანდილისა და ასოსის რეგიონებში, ჩრდილოეთ ერაყსა და ჩრდილოეთ სირიაში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც მედია წერს, საჰაერო დარტყმები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე განხორციელდა.
განცხადების თანახმად, სამიზნეები, რომლებზეც საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მოიცავდა გამოქვაბულებს, თავშესაფრებს, საბრძოლო მასალის საცავსა და საწყობებს.
„ამ ოპერაციის დროს მიღებული იქნა ყველა შესაძლო ზომა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და გარემოს ყოველგვარი ზიანისგან დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.