თურქეთის თავდაცვის მინისტრი – ნატო უსაფრთხოების ცვალებად გარემოს ერგება და აშშ მის დატოვებას არ გეგმავს, ალიანსი თავდაცვის ფუნდამენტურ პლატფორმად რჩება
ნატო უსაფრთხოების ცვალებად გარემოს ერგება და აშშ ალიანსის დატოვებას არ გეგმავს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა სააგენტო „როიტერსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ანკარა 7-8 ივლისს ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერს, ასევე სპარსეთის ყურისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ოფიციალურ წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
სააგენტოსთან წერილობით ინტერვიუში გიულერმა აღნიშნა, რომ სამიტის მთავარი პრიორიტეტები მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების ზრდა, ძლიერი ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება, ალიანსის ერთიანობის ხელახალი დადასტურება და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება იქნება.
მისივე თქმით, ნატო კვლავინდებურად ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფუნდამენტურ პლატფორმად რჩება, მიმდინარე პერიოდს კი ანკარაში არა კრიზისად, არამედ ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესად მიიჩნევენ.
„ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვის უპრეცედენტო და ფუნდამენტურ პლატფორმად. პერიოდს, რომელსაც ახლა გავდივართ, ჩვენ ვაფასებთ არა როგორც კრიზისს, არამედ, როგორც ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტაციის პროცესს“, – განაცხადა თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, გიულერის განმარტებით, ვაშინგტონს ბლოკიდან გასვლის განზრახვა არ აქვს და აშშ-ის სურვილია, ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. მისივე თქმით, ვაშინგტონი ცენტრალურ როლს ასრულებს ბლოკის უსაფრთხოებასა და შეკავების პოლიტიკაში.
როგორც გიულერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა მხარს უჭერს ფინანსური ტვირთის უფრო სამართლიან განაწილებას, მისი პრიორიტეტი ალიანსის ერთიანობის შენარჩუნებაა. მისივე განცხადებით, ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.