თურქეთის პრეზიდენტმა სუმელას რესტავრირებული მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა
თურქეთის პრეზიდენტმა სუმელას რესტავრირებული მართლმადიდებლური ტაძარი გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტრაპიზონის პროვინციაში მდებარე სუმელას მართლმადიდებლური ტაძარი რესტავრაციის შემდეგ გახსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტაძრის გახსნის ცერემონიას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრო.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა უარყო აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გამო მის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები და აღნიშნა, რომ განსხვავებული კულტურების მიმართ თურქეთს უპატივცემულობა რომ ჰქონოდა, მსგავს არტეფაქტებს არასდროს აღადგენდა და შეინარჩუნებდა.

„15 აგვისტოს ჩვენი მართლმადიდებელი მოქალაქეები შეძლებენ, შეასრულონ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი რელიგიური მსახურება, რომელიც აღდგენის პროცესში შეწყვეტილი იყო“, – განაცხადა ერდოღანმა.

სუმელას მონასტერში აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და რელიგიური ცენტრი ნაწილობრივ 2019 წელს გაიხსნა. სუმელას მონასტერს ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს. მონასტრის მშენებლობა 385 წელს დაიწყო. მონასტერი შეტანილია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დროებით სიაში 2000 წელს. თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე გახსნა ტრაპიზონში მდებარე აია სოფიას მეჩეთი, სადაც ასევე მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტრაპიზონის აია სოფიას ეკლესია 1238-1263 წლებში აშენდა და 1461 წელს ოსმალების მიერ ქალაქის დაპყრობის შემდეგ, ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა.