თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით შვედეთსა და ფინეთს შესაბამისი ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი აცხადებს, რომ ანკარის მოთხოვნებთან დაკავშირებით ჰელსინკსა და სტოკჰოლმს ჯერ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამთ.
კალინის თქმით, ჰელსინკსა და სტოკჰოლმს ჯერ არ გადაუდგამთ ნაბიჯები უსაფრთხოების სფეროში ანკარის მოლოდინების საპასუხოდ, რის გამოც თურქეთის დამოკიდებულების გადახედვა ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენ კონსტრუქციულად და ამავდროულად, ძალიან გადამწყვეტად გავუზიარეთ ჩვენი მოლოდინები და შეშფოთება ჩვენს შვედ და ფინელ კოლეგებს. ხაზი გავუსვით ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ ქვეყნებში ისეთი კრიმინალური ორგანიზაციების წევრების ყოფნის დაუშვებლობას, როგორებიცაა PYD/YPG და ფეთულაჰ გიულენის მიმდევრები. ანკარამ ჰელსინკსა და სტოკჰოლმს გადასცა სრული ინფორმაცია ამ სტრუქტურების სისხლიანი დანაშაულების შესახებ, ასევე ტერორისტების შესახებ შვედეთსა და ფინეთში“, – განაცხადა კალინმა.
თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა, როგორც თურქეთის პოტენციურმა მოკავშირეებმა ნატო-ში, მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავონ თურქეთის ეროვნული ინტერესების საფრთხის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
ამასთან, კალინის თქმით, ანკარა არ განიცდის ზეწოლას ვადების საკითხზე და არ ცდილობს სკანდინავიის ორი ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებული საკითხის დახურვას ნატო-ს ლიდერების სამიტამდე. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ბოლომდე დაელოდება ფინეთისა და შვედეთის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
„ნატო-ს სამიტი ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე. მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაძლიერება, წვლილის შეტანა თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებაში. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის მოლოდინები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გათვალისწინებული უნდა იყოს. ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და არა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია ან ტურიზმის განვითარების პლატფორმა“, – აღნიშნა კალინმა.