თურქეთის ელჩი – მადლობა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გასულ ღამეს მიწისძვრა სადაც მოხდა, სეისმურად აქტიური ზონაა. ბოლო პერიოდში, მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა არ ყოფილა. თუმცა, 1999 წელს სტამბოლში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მიღებული სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ სრულად მზად ვართ შესაბამისი ზომებისთვის.
ჩვენი საგანგებო სიტუაციების სამსახური სრული დატვირთვის მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან მინისტრები. ამასთან, სტიქიის ზონაში თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ადამიანებს დაზარალებულებისთვის საკვები და საჭირო ნივთები ჩააქვთ“, – განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.