თურქეთი სირიის სამთავრობო პოზიციებზე მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყება
თურქეთმა სირიაში სამთავრობო პოზიციებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, განეიტრალებულია 2 100-ზე მეტი სამიზნე. სამინისტრო ასევე იდლიბში განადგურებული სამიზნეების ფოტოებს ავრცელებს.
„თურქეთი განაგრძობს სირიაში რეჟიმის სამიზნეების განადგურებას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ასადის რეჟიმის მხარდამჭერ გვერდებზე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები სირიის სახელისუფლებო ძალების ორი გენერლის განეიტრალების შესახებ.
„ანადოლუ“ აღნიშნავს, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერმინ „განეიტრალებას“ მოკვლის ან დაკავების აღსანიშნად იყენებს.
იდლიბის პროვინციაში ვითარება მას შემდეგ არის უკიდურესად დაძაბული, რაც სირიის სახელისუფლებო ძალების ავიადარტყმებს 34 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.