თსუ - უნივერსიტეტი დაინტერესებულია მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას საკითხით, მისი ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, პროფესორები მზად არიან, თავდებში დაუდგნენ
თსუ - უნივერსიტეტი დაინტერესებულია მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას საკითხით, მისი ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, პროფესორები მზად არიან, თავდებში დაუდგნენ

აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას, – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი  და დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს, პატივს სცემს მათ უფლებებსა და თავისუფლებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.

ამასთან, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, თსუ-ს ლექტორი აკაკი ჩიქობავა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. მის მხარდასაჭერად სტუდენტების ნაწილმა აქციები დაიწყო და უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ გუშინ გაავრცელა განცხადება. მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლებდნენ აკაკი ჩიქობავა და ილიაუნის სტუდენტი გიორგი ხასაია, ასევე შეწყდეს ოჯახების გამოსახლება.