ტრამპმა და მაკრონმა სატელეფონო საუბრისას სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის საკითხი განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორმა ლიდერმა განიხილეს სირიაში შექმნილი ვითარება, მათ შორის, აშშ-ისა და საფრანგეთის მზადყოფნა, გაანადგურონ „ისლამური სახელმწიფო“, ასევე სირიიდან აშშ-ის ჯარების მტკიცე, მიზანმიმართული და კოორდინირებული გაყვანის გეგმები“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ნებისმიერი ახალი ფაქტი დაუშვებელია.
აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის განკარგულება დეკემბერში გასცა.