„ტორპედოს“ ნორვეგიელი თავდამსხმელი - კონფერენს-ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ის თვისებები გვჭირდება, რომლითაც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გავიდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ ნორვეგიელი თავდამსხმელი - კონფერენს-ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ის თვისებები გვჭირდება, რომლითაც საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გავიდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა (ნორვეგიის ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა) საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე ისაუბრა და ის ფაქტორები დაასახელა, რის ხარჯზეც გუნდმა წარმატებას მიაღწია.

„საბერძნეთის ნაკრებთან ფინალურ მატჩს ვუყურე და საქართველოს ვგულშემატკივრობდი. თქვენი ნაკრები გუნდურად ძალიან კარგად გამოიყურებოდა და, ვფიქრობ, ძირითად დროში უნდა მოეგო, მაგრამ მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა და მიხარია, რომ საქართველომ მოიგო. საბერძნეთთან გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და გუნდურობა აჩვენა“, – განაცხადა ბიორნ იონსენმა.

მისი თქმით, ქუთაისის „ტორპედოს“ კონფერენს-ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სწორედ ასეთი მობილიზება და გუნდურობა სჭირდება: „ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება – გუნდურობა და ყველა ბურთისთვის ბოლომდე ბრძოლა. მსურს, ჩემს კარიერას საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც შევმატო, ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით კი ჩემი სახელი „ტორპედოს“ ისტორიაში ჩავწერო. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და მჯერა, ამას შევძლებთ“.

ნორვეგიელი თავდამსხმელი არ მალავს, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ქართული გუნდების ტაქტიკური მომზადება: „საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კარგი და ტექნიკური ფეხბურთელი თამაშობს. გუნდების დონე განსხვავდება, მაგრამ ყველა მატჩი რთულია, შედეგს წინასწარ ვერ განსაზღვრავ. თითქმის ყველა გუნდი ტაქტიკურად გამართულად თამაშობს, ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო – როცა საქართველოში ჩამოვედი, სხვაგვარი მოლოდინი მქონდა.

იონსენმა საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზეც ისაუბრა: „ქართველები ტექნიკურები არიან, მაგრამ თითქმის ყველა ჩემპიონატში, სადაც აქამდე მითამაშია, ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ, ამას ბავშვთა ფეხბურთში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. აუცილებელია სატრენაჟორო დარბაზში ბევრი ვარჯიში, ფეხბურთელისთვის ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესია, რომ დატვირთვებს გაუძლოს“.

ნორვეგიელი დარწმუნებულია, რომ მის თანაგუნდელს, გიორგი არაბიძეს პრემიერლიგაში თამაში შეუძლია: „ჰალანდის, ედეგორის, სორლოტისა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია და თამამად ვიტყვი – გიორგი არაბიძე ძალიან კარგი მოთამაშეა და თუ მოინდომებს, პრემიერლიგაში ითამაშებს, მას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს“.