„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ყოველ მატჩში უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი - ყოველ მატჩში უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, ვოვა ხაჩიძის თქმით, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ „სამტრედიასთან“ მოგება (2:1) სატურნირო კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ყველა ფეხბურთელს გააზრებული ჰქონდა ამ მატჩის მნიშვნელობა. აქტიურად ვემზადებოდით და ეს შედეგზეც აისახა. ლოგიკურია, რომ ველოდით რთულ მატჩს, თუმცა ფეხბურთელებმა გულშემატკივრის, ქალაქის გასახარად ყველაფერი გააკეთეს, გაშვებული გოლის შემდეგ არ მოდუნდნენ და მეტოქის კარი მეორედ მალევე აიღეს“, – ამბობს ვოვა ხაჩიძე.

მან ეროვნულ ლიგაში დარჩენილი შვიდი შეხვედრის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა: „წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩები გველის. გუნდის სათამაშო ხარისხი მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ხდება და მჯერა, რომ შემდეგ მატჩებში გაცილებით კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვითამაშებთ“.

ხაჩიძემ ქუთაისელი გულშემატკივრებისადმი მადლიერება გამოხატა: „განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს გულშემატკივარს გადავუხადო, რომელიც სტადიონზე იყო და გუნდს მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდა. მათი წვლილი ამ გამარჯვებაში ძალიან დიდია“.