„ტორპედოს“ გულშემატკივრები - ვემიჯნებით შეთქმულების თეორიას, მაგრამ ჩვენი გუნდი მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებებით ზარალდება [ვიდეო] #1TVSPORT
„ტორპედოს“ გულშემატკივრები - ვემიჯნებით შეთქმულების თეორიას, მაგრამ ჩვენი გუნდი მსაჯების არასწორი გადაწყვეტილებებით ზარალდება [ვიდეო] #1TVSPORT

„ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბმა, „ჯუნგლები 1960“-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ქუთაისური გუნდის თამაშებში მსაჯების მიერ დაშვებულ შეცდომებზე და მათგან გამოწვეულ შედეგებზეა ყურადღება გამახვილებული.

„თავშივე გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ხაზგასმით განვაცხადოთ – ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ყოველგვარ შეთქმულების თეორიებს და ვარაუდებს კლუბის მიმართ შეგნებულად განხორციელებული დამაზიანებელი ქმედებების შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარუმატებელ თამაშში მხოლოდ მსაჯებს არ ვადანაშაულებთ.

თუმცა, გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და გამოვთქვათ გულისტკივილი რამდენიმე შეხვედრაში არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რამაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიური გავლენა იქონია კონკრეტული მატჩების შედეგებზე. მეტი სიცხადისთვის იხილეთ თანდართული ვიდეო.

მიგვაჩნია, რომ ამ სადაო ეპიზოდების უმრავლეს შემთხვევაში, არბიტრებს გადაწყვეტილება „ტორპედოს“ სასარგებლოდ უნდა მიეღოთ, თუმცა ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ. სამწუხაროდ, ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებული თითქმის ყოველ ტურში „ტორპედო“ ზარალდება მსაჯების მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო და კარგავს ქულებს. კიდევ უფრო სამწუხარო ის ფაქტია, რომ ასეთმა გადაწყვეტილებებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.

ამიტომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოგმართავთ თხოვნით, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღებით განიხილოთ და გააანალიზოთ ყოველი სადაო ეპიზოდი, რათა შემდგომში „ტორპედო“ აღარ დაზარალდეს. ნუ იმოქმედებთ ისე, რომ ქუთაისელმა გულშემატკივარმა თავი შეურაცხყოფილად და დამცირებულად იგრძნოს და გთხოვთ, ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას“, – წერია გულშემატკივართა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.