გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ საბა საზონოვის „ხეტაფეს“ აჯობა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ესპანეთის ლა ლიგაში საბა საზონოვის „ხეტაფეს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, საბა საზონოვი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. მიქაუტაძე აქტიურობდა და ცდილობდა, მწვრთნელის ნდობა გაემართლებინა.
26-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელის მიერ წამოწყებული შეტევის გოლით დასრულება ტანი ოლუვასეის შეეძლო, თუმცა ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მე-80 წუთზე მასპინძლები კანადელმა ლეგიონერმა, ტაიონ ბუკენენმა დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 90+2-ე წუთზე კარლოს რომერომ დააფიქსირა.
ლა ლიგაში გამართული 12 ტურის შემდეგ „ვილიარეალმა“ 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.