„ტორპედოს“ გენერალური დირექტორი – გუნდში არეულობაზე საუბარი უსაფუძვლოა, ახალი სეზონისთვის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განახლდება #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ გიორგი არაბიძის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ამავე დროს განაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის გუნდი საგრძნობლად განახლდება.
„გიორგი არაბიძესა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყდა. მინდა, კლუბის სახელით მადლობა გადავუხადო გიორგი არაბიძეს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ წვლილისთვის, რომელიც „ტორპედოს“ წარმატებაში შეიტანა. ის ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი — არაბიძე იყო და დარჩება იმ გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად, რომლის მაისურიც სხვადასხვა დროს არაერთხელ მოურგია.
მსურს, მომავალ პროფესიულ კარიერაში წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საფეხბურთო გამოწვევა და წარმატება ელის.
რაც შეეხება კლუბში არსებულ ვითარებას, რაიმე სახის არეულობაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. გუნდი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და უახლოესი მატჩისთვის მზადებას. მიმდინარე სეზონის დარჩენილ თამაშებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრაციასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას.
პარალელურად, კლუბი მომდევნო სეზონისთვის ემზადება, რომელსაც მნიშვნელოვნად განახლებული შემადგენლობით ვგეგმავთ. ჩვენი მიზნები უცვლელია — „ტორპედოს“ განვითარება, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება და გულშემატკივრისთვის ღირსეული ფეხბურთის შეთავაზება“.