„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა მედიასთან შეხვედრა გადადეს - განცხადება „საბურთალოსთან“ თამაშის შემდეგ გაკეთდება
„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა მედიასთან შეხვედრა გადადეს - განცხადება „საბურთალოსთან“ თამაშის შემდეგ გაკეთდება

ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ გვერდზე დღეს კიდევ ერთი საგანგებო მიმართვა გავრცელდა. წერილიდან გაირკვა, რომ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ ფეხბურთელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

„16 სექტემბერს „ტორპედოს“ სტუმრად „საბურთალოსთან“ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, „ტორპედო“ კი, ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. შესაბამისად, ახლა კლუბისთვის თითოეული ქულა უძვირფასესია. ფეხბურთელებმა ამჯერადაც გაითვალისწინეს კლუბისა და გულშემატკივრის ინტერესი. თითოეული მათგანი გრძნობს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრის წინაშე, რომელიც მათგან მხოლოდ წარმატებას ელის. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ და ზეგ გუნდი ჩვეულებრივ ივარჯიშებს, მოახლოებული მატჩისთვის სათანადოდ მოემზადება, განცხადება კი „საბურთალოსთან“ თამაშის შემდეგ გაკეთდება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შუადღეს გუნდის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები ჟურნალისტებს საკუთარ ბაზაზე შეხვდებოდნენ და კლუბში შექმნილ გაუსაძლის პირობებსა და, ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში „ტორპედოში“ მიმდინარე პროცესებზე ღიად ისაუბრებდნენ.

ქუთაისის მერიამ ქუთაისის „ტორპედოს“ დაბრუნების პროცესი დაიწყო. მაგრამ საამისოდ, მერიას ურთიერთობის გარკვევა კლუბის ყოფილ მეპატრონესთან, ზაზა ჩაჩავასთან სასამართლოში მოუწევს. ამის გამო ფინანსური პრობლემები დროულად ვერ გვარდება და გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – ფეხბურთელები ხელფასს დიდი ხანია ვეღარ იღებენ, სავარჯიშო პროცესი კი ჩაშლის პირასაა.