„ტორპედოს“ დირექტორი - თუ სპონსორების დანაპირები ბიუჯეტი გვექნება, სამეულისთვის ვიბრძოლებთ
„ტორპედოს“ დირექტორი - თუ სპონსორების დანაპირები ბიუჯეტი გვექნება, სამეულისთვის ვიბრძოლებთ

ქუთაისის „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა მელაძემ საქართველოს პირველ არხთან გუნდში მიმდინარე მოვლენებზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა – მან საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციები უარყო, რომ გუნდიდან იტალიელები წავიდნენ.

„ჩვენს გუნდში არსებულ ვითარებაზე საზოგადოებაში გაურკვევლობაა და მსურს ყველამ იცოდეს, რომ მზად ვართ, ყველა კითხვაზე ვუპასუხოთ. უპირველესად, ფაბიო მანინოსთან დაკავშირებით გეტყვით. ვადასტურებ, რომ კლუბის პრეზიდენტი წავიდა, მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, რადგან მანინო იტალიელი სპონსორების დანიშნული პრეზიდენტი იყო. მანინო წავიდა, მაგრამ სპონსორები დარჩნენ და სხვა წარმომადგენლები დანიშნეს. ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, უბრალოდ, იტალიელებმა ჩამოიტანეს რწმუნების დამადასტურებელი წერილი, რომ მანინო აღარ იქნება და რომ სხვები შეცვლიან. იტალიიდან სხვა ხალხი ჩამოვიდა – ერთი პრეზიდენტად გაგვეცნო, მეორე ვიცე-პრეზიდენტად და გააგრძელებენ იმას, რაც მანინომ დაიწყო. ანუ, მანინოს ჩანაცვლება მოხდა“, – ამბობს პაპუნა მელაძე.

„ტორპედომ“ პლეი ოფში ორმატჩიან დაპირისპირებაში „გაგრა“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშეებისა და პერსონალის წინაშე დავალიანების გამო, ქუთაისურ კლუბს ეროვნული ლიგის ლიცენზია შეუჩერა, დავალიანების გასასტუმრებლად კი ვადა 28 დეკემბრამდე მისცა. ქუთაისელთა აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ გუნდი დავალიანებას გაისტუმრებს და ეროვნულ ლიგაში მონაწილეობის ლიცენზიას მიიღებს:

„იტალიელები გვპირდებიან და იმედი გვაქვს, რომ ვალებს გავისტუმრებთ – ამას ყოველდღიურად ველოდებით. იმედია, საკითხი გადაწყდება, მაგრამ ჯერ ფრთხილად ვართ, რადგან ჯერ თანხა არ დარიცხულა და ჩვენი ლაპარაკი მაინც სიტყვების დონეზეა. ამიტომ ჯერ ლიცენზიის მოლოდინის რეჟიმში ვართ. ახლა ფეხბურთელებს ჯერ ვერ ველაპარაკებით, ფორმის და შეკრების საკითხებია გასარკვევი. ჯერ ვერაფერს ვაკეთებთ გარდა იმისა, რომ ლოკაციებს ვნიშნავთ, სად და როდის მოვემზადოთ – როგორც კი ფული გაჩნდება და გუნდი ფუნქციონირებას დაიწყებს, ყველაფერი მზად რომ გვქონდეს“.

პაპუნა მელაძის თქმით, იტალიელი სპონსორები გუნდის ადმინისტრაციას ისეთ ბიუჯეტს პირდებიან, რომელიც გუნდს სამეულში მოხვედრის შანსს მისცემს:

„ახლა ფეხბურთელები წავიდნენ და ისვენებენ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს დაუძახებს, რომლებიც მის მონახაზში ზიან. ჩვენ გვინდა, ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქალაქს და „ტორპედოს“ ტრადიციებს შეეფერება, სამეულის გუნდი მაინც რომ იყოს. თუ ის პირობები იქნება, რაც სპონსორებმა გვითხრეს, მე მგონია, რომ სამეულს დავგეგმავთ და შევასრულებთ კიდეც“.

მელაძემ 2020 წელს გუნდის გამოსვლა შეაფასა:

პანდემიამ „ტორპედოზე“ ცუდი გავლენა მოახდინა. თანაც, გუნდი გვიან შეიკრიბა და მზადება დაგვიანებით დაიწყო, რადგან გაურკვეველი ვითარება იყო. ამის ფონზე გუნდმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა – თუ შეიძლება, რომ ამას „ტორპედოსთვის“ წარმატება დაერქვას. მაგრამ ვიმეორებ, გუნდისთვის ძალიან რთული წელი იყო“.