„ტორპედოს“ დირექტორი - ბოლო წლებში პირველად, სეზონს დავალიანების გარეშე დავიწყებთ
„ტორპედოს“ დირექტორი - ბოლო წლებში პირველად, სეზონს დავალიანების გარეშე დავიწყებთ

ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდებმა სეზონისთვის მზადება დაიწყეს, შემადგენლობებს აკომპლექტებენ და საკონტროლო შეხვედრებს ატარებენ. ერთადერთი გუნდი ქუთაისის „ტორპედოა“, რომელიც ჯერ არც ემზადება და შესაბამისად, საკადრო საკითხების მოგვარებას და საკონტროლო შეხვედრების ჩატარებას ვერ ახერხებს.

მაგრამ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისური „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი პაპუნა მელაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გუნდი ყველა დავალიანებას გაისტუმრებს.

„პირველად თქვენთან ვამბობ, რომ მნიშნელოვანი საკითხი გადაწყდა – ორშაბათს ქუთაისის „ტორპედო“ ყველა დავალიანებას გაისტუმრებს. ეს ბოლო სამ წელიწადში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც გუნდი სეზონს ვალების გარეშე დაიწყებს. ეს ქუთაისის მერიის, იმერეთის გუბერნატორის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის და ფეხბურთის ფედერაციის დამსახურებაა. სამი წელია ამას გუნდი, მთელი ქალაქი და ჩვენი გულშემატკივრები ველოდით. ეს დაბრკოლება ეროვნული ლიცენზიის მიღებაში ხელს გვიშლიდა.“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან პაპუნა მელაძე.

ქუთაისური „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა იტალიელი ინვესტორების შესახებაც ილაპარაკა:

„სამწუხაროა, რომ ჯერ სეზონისთვის მზადება არ დაგვიწყია. იტალიელ ინვესტორებთან დავილაპარაკეთ, საჭირო თანხები დაითვალეს და წავიდნენ. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. მაგრამ დავალიანების გასტუმრება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იმედი გვაქვს, შეგვეხმიანებიან. გუნდის მომზადბა და ახალ მოთამაშეებთან კონტრაქტების გაფორმება თანხებს მოითხოვს, რაც იტალიელებთანაა შესათანხმებელი. იმედია, მოკლე ვადაში დაგვიკავშირდებიან და „ტორპედო“ მზადებას და ახალი მოთამაშეების დამატებას დაიწყებს. ყოველი დღის დაგვიანება ჩვენზე ცუდად მოქმედებს“.