„ტორპედოს“ ახალწვეულებმა „ინტერის“ აკადემიაში ბავშვებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს #1TVSPORT
„ტორპედოს“ ახალწვეულებმა „ინტერის“ აკადემიაში ბავშვებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულებმა, ფელიპე პირესმა და ბიორნ იონსენმა „ინტერის აკადემია საქართველოში“ ბავშვებისთვის საჩვენებელი ვარჯიში ჩაატარეს.

„ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, ლეგიონერებმა აკადემიის ფეხბურთელებს გამოცდილება გაუზიარეს, რეკომენდაციები მისცეს, ბოლოს კი ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბრაზილიელმა შემტევმა, ფელიპე პირესმა 2021-22 წლების სეზონი ნიდერლანდების „დენ ჰააგის“ შემადგენლობაში გაატარა. მანამდე „ჰოფენჰაიმში“ (გერმანია), „მორეირენსეში“ (პორტუგალია), „რიეკაში“ (ხორვატია), „პალმეირასში“ (ბრაზილია), „აუსტრიასა“ და „ზალცბურგში“ (ავსტრია) თამაშობდა, ბოლოს კი უკრაინული „დნიპრო 1“-ის ღირსებას იცავდა. პირესს ორჯერ აქვს მოგებული ავსტრიის ჩემპიონატი, არის ავსტრიისა და ხორვატიის თასის მფლობელი. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი 2016-2017 წლებში „ჰართსში“ თამაშობდა, სადაც ექვსი გოლი გაიტანა. იყო „როსენბორგისა“ და „მონრეალის“ ფეხბურთელი. 2020 წელს „ულსან ჰიუნდაიში“ სამხრეთ კორეის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა, სადაც 9 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

ბიორნ იონსენმა ნიდერლანდების ერედივიზიონში 69 მატჩში 28 გოლი გაიტანა, თამაშობდა „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და „კამბურის“ შემადგენლობაში. ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. იონსენმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.