„ტორპედომ“ სურინამელი მოთამაშე დაიმატა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 15 წლისამ ითამაშა [ვიდეო]
„ტორპედომ“ სურინამელი მოთამაშე დაიმატა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 15 წლისამ ითამაშა [ვიდეო]

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. კლუბის პრესსამსახურისა ცნობით, ის 18 წლის სურინამელი თავდამსხმელი გლეოფილო ვლიტერი ჰასელბაინკია.

18 წლის სურინამელმა თავდამსხმელმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, 2014 წლიდან კი ლონდონის „ჩელსის“ დაფინანსებულ აკადემიაში ვარჯიშობდა. ევროპაში 2015 წელს მიიწვიეს, მაგრამ ბელგიურ „გენკთან“ და „ოსტენდესთან“ კონტრაქტის გაფორმება ვერ მოხერხდა და ფეხბურთელს სურინამში დაბრუნდა. ერთ წელიწადში ჰოლანდიური „ფეინოორდის“ ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ტრანსფერი სავიზო პრობლემის გამო ჩაიშალა. წელს, იანვარში კი ისრაელის გუნდში, ირონის „კირიათ-შმონაში“ ჩაირიცხა და მის ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

ვლიტერმა თავისი ქვეყნის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ითამაშა. საფრანგეთის გვიანაში გამართულ ტურნირში, სადაც ვლიტერი სურინამის 15-წლამდელთა გუნდში თამაშობდა, ის ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელეს. საინტერესო ფაქტია, რომ 2015 წელს, 15 წლის ასაკში ვლიტერს სურინამის ეროვნულ ნაკრებშიც უხმეს და გაიანას ნაკრების წინააღმდეგ ათამაშეს.

„ტორპედომ“ ახალწვეული ევროპა ლიგის განაცხადში შეიყვანა და ფეხბურთელი გუნდთან ერთად „ვიკინგურთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც 26 ივლისს ქუთაისში გაიმართება, განმეორებითი კი – 2 აგვისტოს ფარერების კუნძულებზე.

დღეს „ტორპედომ“ ასევე სლოვაკი მოთამაშე, 30 წლის მილოშ ლაჩნი დაიმატა და მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Gleofilo Vlijter from Football Mix B.V. on Vimeo.