„ტორპედომ“ პროტესტის ნიშნად ვარჯიშები შეწყვიტა - გუნდმა მოედანზე დაბრუნების წინაპირობა დაასახელა
„ტორპედომ“ პროტესტის ნიშნად ვარჯიშები შეწყვიტა - გუნდმა მოედანზე დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

28 ოქტომბერს „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის დანიშნული მატჩი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა. „ტორპედოში“ რამდენიმე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ასევე გადაიდო „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაც და 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.

მაგრამ „ტორპედო“ კიდევ უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე ფინანსური პრობლემების გამო დადგა – როგორც გუნდის ფეხბურთელებმა საქართველოს პირველ არხს აცნობეს, „ტორპედო“ ვარჯიშებს წყვეტს მანამდე, სანამ გუნდში ფინანსური საკითხები არ მოგვარდება და გუნდის იტალიელ პრეზიდენტს, ფაბიო მანინოს საკითხის მოგვარებას სთხოვენ.

ამ ეტაპზე გუნდის წევრებს საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ – ამბობენ, რომ ვარჯიშსა და თამაშზე უარს მანამდე იტყვიან, სანამ დაპირებები არ შესრულდება და ფინანსური გაურკვევლობა არ მოგვარდება.

„გვესმის, რომ პანდემიამ პრობლემები შექმნა, მაგრამ ის რაც ჩვენთან ხდება, მეტისმეტია. დიდი ხანია, ხელფასი დროულად არ დარიცხულა და როცა ირიცხება, ხშირად შეპირებული ოდენობით არა“,- ამბობს „ტორპედოს” მოთამაშე.

მან გუნდის სახელით ვარჯიშის განახლების წინაპირობა დაასახელა:

„მოედანზე მხოლოდ მაშინ გავალთ, თუ ფინანსური გაურკვევლობა მოგვარდება – დამღლელია გაუთავებელი პრობლემები, მოლოდინი და იმედგაცრუება. ბოლოს და ბოლოს, იმას მაინც მიხვდებიან, რომ ჩვენ არავის დასაცინი და ასაგდები არ ვართ“.