„ტორპედომ“ იონსენი შეინარჩუნა - გუნდი შვიდმა მოთამაშემ დატოვა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა დაადასტურა, რომ ბიორნ იონსენი შეინარჩუნა, ხოლო შვიდი მოთამაშე ახალი სეზონიდან სხვა გუნდის ღირსებას დაიცავს.
ნიკა სანდოხაძე კარიერას ტაილანდში, „პატუმ იუნაიტედში“ გააგრძელებს, რომელიც ტაილანდის ჩემპიონი (2020/21) და თასის გამარჯვებულია (2014), ლაშა შერგელაშვილი – წყალტუბოს „სამგურალში“, ხოლო მომო იანსანე აზერბაიჯანში გადავიდა და „სუმგაითში“ ითამაშებს. დანარჩენების (გიორგი მჭედლიშვილი, გია მანჯგალაძე, ელიტონ ჟუნიორი, ჟორჟინიო) კლუბები ჯერ უცნობია.
რაც მთავარია – ნორვეგიელ ლეგიონერ ბიორნ იონსენს „ტორპედოსთან“ კონტრაქტის ვადა დაუსრულდა, მაგრამ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი ქუთაისელებმა შეინარჩუნეს.
„გამორჩეული სეზონის ფონზე ბიორნ იონსენის შეძენა არაერთ კლუბს სურდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ნორვეგიელმა ფორვარდმა „ტორპედოში“ დარჩენა გადაწყვიტა და კლუბთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც გუნდს შეკრებაზე ქობულეთში შეუერთდება“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელებმა სეზონის დაწყებამდე დაიმატეს მეკარე სოსო კოპალიანი, მცველები გლიბ კატკოვი და ლევან ხარაბაძე, გერმანელი ნახევარმცველი მოჰამედ ჩერიფი და თავდამსხმელები, პაატა ღუდუშაური და გიორგი კოხრეიძე.
სეზონის დაწყებამდე გუნდი ორ შეკრებას გაივლის: პირველი ეტაპი ქობულეთში მიმდინარეობს, 10 თებერვალს კი ქუთაისის „ტორპედო“ ესპანეთის ქალაქ მარბელაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.