„ტორპედო“ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნებას შეეცდება #1TVSPORT
„ტორპედო“ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნებას შეეცდება #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა, დავით დოლაბერიძემ საქართველოს პირველ არხთან გუნდში მიმდინარე სატრანსფერო სიახლეებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის, ბიორნ იონსენის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„გარკვეული სიახლეები არის. შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ ახალი სეზონიდან გუნდში პაატა ღუდუშაური და ლევან ხარაბაძე ითამაშებენ – ღუდუშაური ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დავიმატეთ, ხოლო ხარაბაძე სეზონის დასრულების შემდეგ შემოგვიერთდა.

გია მანჯგალაძესა და ელიტონ ჟუნიორს კონტრაქტები დაუსრულდათ და გუნდიდან წავიდნენ, რაც შეეხება მამადუ სახოსა და ბიორნ იონსენს – ნორვეგიელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვეცდებით, ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან დარჩეს, სახოს კი კლუბთან კონტრაქტი აქვს.

სტივ კინის წასვლის შემდეგ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ის გადაწყვეტს გუნდი როგორ დაკომპლექტდება. კინის შემცვლელმა შემადგენლობა თავისი შეხედულებით უნდა ჩამოაყალიბოს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა.

ბიორნ იონსენმა 23 გოლი გაიტანა, ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ბომბარდირი გახდა და საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდოც მიიღო. ამას გარდა, ნორვეგიელი სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაშიც იყო წარდგენილი.