თორნიკე შენგელიას გადამწყვეტი სამქულიანი - „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში მეორე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეხუთე მატჩი გაიმართა. ბოლონიის „ვირტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და 82:78 დაამარცხა.

გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ბოლო 5 წუთში ბოლონიელებს დიდი სარგებელი მოუტანა:

სირენამდე 3:29 წუთით ადრე ორქულიანით თანაგუნდელებს უპირატესობა დაუბრუნა – 76:75;

2:28 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო და „ვირტუსს“ ხუთქულიანი ფორა დაუბევა (80:75). ასეთ დაძაბულ შეხვედრაში მსგავსი სხვაობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა;

1:29 წუთით ადრე შენგელიამ გონივრული პასით ფარქვეშ მარტო დატოვა კორდინიე – 82:77;

ხოლო მატჩის დასრულებამდე 43 წამით ადრე შილდსს თითქმის ასპროცენტიანი ორქულიანი არ ჩააგდებინა – ეფექტურად დაუფარა.

სირენაა 24 წამი უკლდა, როცა თოკომ მეხუთე ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა, თუმცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – 82:78.

შენგელიას სრული სტატისტიკა: 30 წუთი, 15 ქულა (6/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 7/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება.

20 ქულით მატჩის ბომბარდირი მილანელი ნიკოლო მელი გახდა.

ასე და ამგვარად, იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – მილანი 3:2-ს იგებს. მეექვსე შეხვედრა  18 ივნისს გაიმართება. სერია 4 მოგებამდეა.

დატოვე კომენტარი