თორნიკე შენგელიას გადამწყვეტი სამქულიანი - „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში მეორე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მეხუთე მატჩი გაიმართა. ბოლონიის „ვირტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და 82:78 დაამარცხა.
გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ბოლო 5 წუთში ბოლონიელებს დიდი სარგებელი მოუტანა:
სირენამდე 3:29 წუთით ადრე ორქულიანით თანაგუნდელებს უპირატესობა დაუბრუნა – 76:75;
2:28 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო და „ვირტუსს“ ხუთქულიანი ფორა დაუბევა (80:75). ასეთ დაძაბულ შეხვედრაში მსგავსი სხვაობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა;
1:29 წუთით ადრე შენგელიამ გონივრული პასით ფარქვეშ მარტო დატოვა კორდინიე – 82:77;
ხოლო მატჩის დასრულებამდე 43 წამით ადრე შილდსს თითქმის ასპროცენტიანი ორქულიანი არ ჩააგდებინა – ეფექტურად დაუფარა.
სირენაა 24 წამი უკლდა, როცა თოკომ მეხუთე ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა, თუმცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – 82:78.
შენგელიას სრული სტატისტიკა: 30 წუთი, 15 ქულა (6/4 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 7/4 საჯარიმო), 2 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება.
20 ქულით მატჩის ბომბარდირი მილანელი ნიკოლო მელი გახდა.
ასე და ამგვარად, იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – მილანი 3:2-ს იგებს. მეექვსე შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. სერია 4 მოგებამდეა.