თორნიკე შენგელია ტრავმის გამო „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩს გამოტოვებს [ვიდეო] #1TVSPORT
„ვთამაშობთ MVP-ის გარეშე“, – ასეთი სათაური აქვს ცსკა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას. ევროლიგის ბოლო ორ ტურში თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო და თანაგუნდელებს ჯერ „ეფესის“, შემდეგ „ზენიტის“ ძლევაში დაეხმარა.
სწორედ „ზენიტთან“ მატჩის შემდეგ, მხრის არეში თოკომ ტკივილი იგრძნო და ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც გაირკვევა ტრავმის სიმძიმე.
„სამწუხაროდ, ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. იმედი გვაქვს, რომ სამედიცინო შემოწმება ჩვენთვის სასურველ შედეგს მოგვცემს. მატჩის შემდეგ თოკოს მხარი აწუხებდა, მეორე დღეს უკეთ იყო, მაგრამ არა ისე, რომ „ცრვენა ზვეზდასთან“ მძიმე ბრძოლაში ჩაერთოს“, – აღნიშნა ცსკა-ს ბერძენმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა.
შეგახსენებთ, ევროლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირადი რეკორდი დაამყარა – ევროლიგაზე 33 ქულა ჩააგდო. სრული სტატისტიკა კი, ასეთი იყო:
36 წუთი, 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. თოკომ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ.