თორნიკე შენგელიას რეკორდი ევროლიგაზე - 33 ქულა „ზენიტთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგის მეორე ტურის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია მესამე ტურშიც შეუჩერებელი იყო. მისმა ცსკა-მ „ზენიტს“ უმასპინძლა და 77:67 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში ქართველ ფორვარდს რა წვლილიც მიუძღვის, სტატისტიკიდანაც ჩანს: 36 წუთი, 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. თოკომ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 შეადგინა, რაც მატჩის საუკეთესო შედეგი გახლდათ.

33 ქულა შენგელიასთვის ევროლიგის რეკორდია – მანამდე 31 ქულა 2019 წელს „ბასკონიას“ შემადგენლობაში თელ-ავივის „მაქაბის“ წინააღმდეგ ჩააგდო.

„ზენიტის“ შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კონერ ფრენკამპმა. მას მწვრთნელმა 8 წუთი არგუნა, რა დროშიც მან 2 ქულა მიითვალა.

სამი ტურის შემდეგ ცსკა-ს ორი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ შინ გამართავს.