თორნიკე რიჟვაძე - სააკაშვილი არის ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, მერწმუნეთ, სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან
თორნიკე რიჟვაძე - სააკაშვილი არის ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, მერწმუნეთ, სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს, გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ინსტიტუტები დღეს მოწოდების სიმაღლეზეა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მოდელირებული „ქრონიკის“ შემქმნელებს იმდენად მოუძველდათ მეთოდები, რომ უკვე ფეიკ-ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს.

„ღიმილისმომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა? უფრო მეტს გეტყვით – სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე. ახლა ცოტა სერიოზულად, პირველი – იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული „ქრონიკის“, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ ფეიკ-ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს. ეს კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი მხარდამჭერების, ამომრჩევლების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ, ამაზე უკვე ძალიან მალე – ხვალ, არჩევნებზე საკადრის პასუხს მიიღებენ.

მინდა, ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი „ნაცმოძრაობას“ ვუთხრა – ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ. ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს, გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რომ ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შსს მინისტრია ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე, ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.