თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ, მონიტორინგი და მოთხოვნები გამკაცრდება
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ, მონიტორინგი და მოთხოვნები გამკაცრდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება, თუმცა კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე გაიზრდება.

მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იყო მსჯელობა ვითარებასთან, რისკებთან დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები.

„პირველ რიგში, ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. ასევე, ტესტირებები გახდება კიდევ უფრო ინტენსიური. დღეს ბათუმის ბულვარში დაემატა კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეები და სტუმრები ტესტირების გავლას უფასოდ შეძლებენ. ამასთან, გამკაცრდება მონიტორინგი და გაიზრდება მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ. ასევე, მათ მოვუწოდებთ, დეზინფექციისა და პერსონალის ტესტირების ნაწილში ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. ყველა ეს ნორმა და რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახლა ჩვენი შვილებისა და მოხუცების მიმართ რისკები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად,  უკვე შეჩვეული რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როგორიც იყო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა, უნდა იქნას შესრულებული, რომ ჩვენ ყველამ ერთად, გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მშვიდად, ეფექტურად მართვა და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, როგორც თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, ბათუმის ერთ-ერთ საკონდიტროში დაფიქსირებული შემთხვევების კონტაქტები მოძიებულია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების ინტენსიური მუშაობა.

„ამ დღეების განმავლობაში, ეპიდემიოლოგებმა ინტენსიური სამუშაოები განახორციელეს. დადგენილია ყველა კონტაქტი, უკვე ჩატარდა ათეულობით ტესტი და ჯამში სიტუაცია არის მართვადი. აჭარაში გასულ სამ თვეში შიდა ტურიზმი შედგა და შესაბამისად, ამის პარალელურად იყო საკმაოდ მომატებული რისკი, რომ ჩვენ გაგვიჩნდებოდა მსგავსი ეპიდემიოლოგიური კერები. თუმცა, ამ რისკების პროპორციულად, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეს ბათუმში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.