34 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა ტომაშ ბერდიხმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მან დაადასტურა ჩეხურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ.
ბერდიხმა თავისი ბოლო მატჩი ამერიკის ღია პირველობაზე ჩაატარა, როცა ამერიკელ ჯენსონ ბრუქსბისთან პირველ წრეში დამარცხდა. მას შემდეგ, ბერდიხი კორტზე აღარ გასულა.
ჩეხი ჩოგბურთელი, რომელიც ბოლო პერიოდში უშედეგოდ ებრძოდა ტრავმებს, გამოსათხოვარ ცერემონიას 16 ნოემბერს, ლონდონში მოაწყობს, სადაც ამჟამად, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს.
ბერდიხს პროფესიულ დონეზე ერთეულებში 15 ტიტული აქვს მოგებული, აგრეთვე, ორჯერ იყო დევისის თასის გამარჯვებული.
2010 წელს, ჩეხი თავის კარიერაში ერთადერთხელ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში – ეს მოხდა უიმბლდონზე, სადაც გადამწყვეტი მატჩი ესპანელ რაფაელ ნადალთან წააგო.
რეიტინგში ტომაშ ბერდიხის საუკეთესო პოზიცია – მეოთხე ადგილი იყო.