თომა ტაბატაძემ ნეიმარის გუნდს გაუტანა - უზბეკებმა ქართველის გოლით აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ქულა მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ეტაპის პირველი ტურის მატჩები გამართეს უზბეკურმა გუნდებმა, სადაც ქართველები, თომა ტაბატაძე და ჯაბა ჯიღაური თამაშობენ. ორივემ სასურველ შედეგს მიაღწია.
ჯაბა ჯიღაურის გუნდი, უზბეკური „ნასაფი“ სტუმრად იორდანიულ „ალ ფაიზალის“ ესტუმრა და აბდურაჰმატოვის მიერ 90+7-ე წუთზე გატანილი გოლით მეტოქე 1:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.
თომა ტაბატაძე იყო ერთ-ერთი მთავარი გმირი უზბეკური „ნავბახორისა“ და საუდის არაბეთის „ალ ჰილალის“ დაპირისპირებაში. ქართველი თავდამსხმელი უზბეკების ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა.
როდესაც ყველა ელოდა არაბული კლუბის ვარსკვლავების, ნეიმარის, მიტროვიჩის და მალკოლმის გოლს, უზბეკებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ტაბატაძემ საჯარიმოში მცველს აჯობა, მეკარეს მახვილი კუთხიდან დაურტყა და ანგარიში გახსნა.
ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ნერვები ვერ მოთოკა, „ნავბახორის“ მოთამაშეს ხელი უბიძგა და მოედნის ცენტრში ჩხუბი ატყდა. ბრაზილიელი ვარსკვლავის დასამშვიდებლად არბიტრი იძულებული გახდა, მისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.
მსაჯმა თამაშს 14 წუთი დაამატა და საუდელებმა 90+10-ე წუთზე ანგარიში მაინც გაათანაბრეს – გოლი მცველმა, ალი ალ ბოლეაჰიმ გაიტანა.
საბოლოოდ, „ნავბახორმა“ შეხვედრა ფრედ დაასრულა 1:1 და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვა, რაც სტუმრად, ვარსკვლავურ გუნდთან კარგი შედეგია.