ლიეტუვის ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა, კაუნასის „ჟალგირისმა“ ორი ქართველი მოთამაშე დაიმატა – „თელავის“ ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა და ყარაგანდის „შახტარის“ შემტევი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე. ქართველ ფეხბურთელებზე ინფორმაციას ლიეტუვური კლუბი ავრცელებს.
28 წლის მცველი ლიეტუველებს საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი „თელავიდან“ შეუერთდა, სადაც ექვსი წელი (პაუზებით) გაატარა და გუნდის კაპიტანი იყო. ანტონ თოლორდავას უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს – 2021 წელს ტალინის „ლევადიასთან“ ერთად ესტონეთის თასი მოიგო, 2022 წელს მცირე ხნით გამოდიოდა სერბულ „რადნიჩკი ნიშში“, შემდეგ კი წელიწადნახევარი ყაზახეთში, ყარაგანდის „შახტიორში“ გაატარა.
„თელავსა“ და „შახტარში“ თოლორდავამ გარკვეული პერიოდი კაუნასის „ჟალგირისის“ კიდევ ერთ ახალწვეულთან, თემურ ჩოგაძესთან ერთად ითამაშა. 26 წლის შემტევი ფეხბურთელი ბათუმშია დაბადებული, თუმცა „საბურთალოს“ აღზრდილია და ეროვნულ ლიგაში სწორედ ამ კლუბში დაიწყო კარიერა. შემდეგ ის თამაშობდა ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, დონეცკის „ოლიმპიკში“, „თელავში“, „გაგრაში“, ყარაგანდის „შახტარში“, უზბეკეთის „კარში ნასაფში“ და ბოლოს ყაზახეთის „ჟეტისუში“.
მოსამზადებელ ეტაპს „ჟალგირისი“ ლიეტუვაში დაიწყებს და ექვს ამხანაგურ მატჩს გამართავს. უახლოეს შეხვედრას გუნდი 18 იანვარს „პანევეჟისის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. 27 იანვრიდან 9 თებერვლამდე „ჟალგირისი“ კვიპროსში გაემგზავრება და სამ ამხანაგურ მატჩს ითამაშებს, რომელთაგან ორი უკვე ცნობილია – ერევნის „არარატი-არმენიასთან“ და დანიურ „ლუნგბიუსთან“.