„ჩელსის“ ფრანგი მცველი მაქსენს ლაკრუა რამდენიმე კვირით გამოაკლდა #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი მცველი მაქსენს ლაკრუა ტრავმის გამო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
როგორც ჟურნალისტი ფაბრის ჰოკინსი იუწყება, 26 წლის ფეხბურთელს ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება, კერძოდ, კუნთის გაგლეჯა დაუდგინდა.
ლაკრუამ ტრავმა ინგლისის ლიგის თასზე, „ლივერპულთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. ფრანგმა მცველმა მოედანი პირველი ტაიმის მიწურულს დატოვა და ის ლივაი კოლვილმა შეცვალა.
ლაკრუას ტრავმა „ჩელსისთვის“ მნიშვნელოვანი დანაკლისია. ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ლონდონური კლუბის დაცვის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება ლაკრუას რეაბილიტაცია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის მოედანს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.