ბუენოს აირესში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 133-ე სესიაზე, მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა მოხსენებები მოისმინეს.
მათ შორის იყო ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ორგანიზატორთა მიერ გაკეთებული მოხსენება, რომლის მიხედვითაც მომავალ ღონისძიებათა ხარჯები 4,3 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელ ჯონ კოუტსისა და ტოკიო 2020-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის იუშირო მუტოს განცხადებით, ტოკიოს თამაშებისთვის ხარჯები კიდევ შემცირდება.
იუშირო მუტოს განმარტებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემოღებული ზომები ბიუჯეტს გაზრდისგან იცავს. მუტოს აქ მხედველობაში აქვს IOC-ის სტრატეგიული გზამკვლევი „დღის წესრიგი 2020“ და „ახალი ნორმები,“ რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანიც ოლიმპიური თამაშების ხარჯების შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ შარშან დეკემბერში ტოკიო 2020-ის ბიუჯეტი 12,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი