აკი ბაშოს მე-10 დღეს მეექვსე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი მაეგაშირა, კაისეი იყო.
ქართველმა მებრძოლმა ბრძოლა ტაქტიკურად წარმართა და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას იორიკირის ილეთით მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი რიკიში ლევანის კარგი მეგობარია. იანვარში მოგებული ბაშოს შემდეგ ტოჩინოშინმა ჩემპიონობის თანმდევი ტრადიცია შეასრულა და სწორედ კაისეი იახლა თავახდილი მანქანით სასეირნოდ და გულშემატკივართან შესახვედრად.
ლევან გორგაძეს 6 მოგება და 4 მარცხი აქვს. მიზნის მისაღწევად და ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად, ქართველ მებრძოლს დარჩენილი 5 დან მინიმუმ 2-ის მოგება და დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ხვალ, აკი ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე იოკოძუნა კაკურიუ იქნება.
რანგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში თავისი ბრძოლა მოიგო მეორე ქართველმა მებრძოლმა – გაგამარუმ. ქართველი გოლიათის მეტოქე სეირო იყო. თუმცა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც უაღრესად მოტივირებულია, იაპონელს შანსი არ მისცა. გაგას ბალანსი 5:5-ზე გახდა.
გაგამარუს ჯურიოს ელიტარულ დივიზიონში დასარჩენად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება.