ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა, გაგამარუმ კი კიოკუშუჰოს სძლია [ვიდეო]
12:42, 19.09.2018
შემოდგომის ბაშოს მე-11 დღეს ქართველი რიკიშებს მონღოლი მეტოქეები ჰყავდათ.
ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა, რომელიც ტოჩინოშინისთვის მუდამ უხერხული მეტოქე იყო (22-3). დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა. ლევანმა ბრძოლის დაწყებისთანავე მოახერხა ჩავლების აღება, მეტოქე ჰაერში ასწია, უკან დაახევინა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა. საგულისხმოა, რომ მონღოლი დიდი ჩემპიონი დღევანდლამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა და ბალანსზე 10 გამარჯვება ჰქონდა.
ტოჩინოშინის ბალანსზე შვიდი გამარჯვება და ოთხი მარცხია. ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად ქართველ სეკიტორის დარჩენილი ოთხიდან ერთი ბრძოლის მოგებაც ჰყოფნის. ტოჩინოშინის მეტოქე აკი ბაშოს მე-12 დღეს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება.
თავისი ბრძოლა ჯურიო დივიზიონში გაგამარუმაც მოიგო. თეიმურაზ ჯუღელი კიოკუშუჰოს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად დაამარცხა. გაგამ ინიციატივა ბრძოლის სტარტიდანვე აიღო ხელში, მეტოქეს მძლავრად მიაწვა და დოჰიო დაატოვებინა. ჯუღელის ბალანსზე ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ჯურიო დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად მას კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) სჭირდება.