ნაცუ ბაშოს მერვე დღეს (ნაკაბი) ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე იაპონელ მეორე მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და პირველი მარცხი იწვნია. სპორტსმენები ერთმანეთს აქამდე შვიდჯერ შეხვედროდნენ და ტოჩინოშინს მეტოქესთან მხოლოდ სამი გამარჯვება ჰქონდა. მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინთან დაპირისპირებამდე ენდომ შვიდიდან ორი ბრძოლის მოგება მოახერხა.
ენდომ ბრძოლის დასაწყისშივე მოახერხა მავაშიზე ჩავლების აღება, ტოჩინოშინმა კონტრ ილეთი სცადა, თუმცა ენდო გაეცალა და ლევანმა წონასწორობა ვეღარ შეიმაგრა.
ტურნირის მერვე დღე ქართველი რიკიშებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში, ორთაბრძოლა თეიმურაზ ჯუღელმაც დათმო. მისი მეტოქე ტაკაგენჯი იყო. ჯუღელის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და სამი მარცხია.