ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება კიუშუ ბაშოზე [ვიდეო]

წლის ბოლო სუპერ ტურნირი – კიუშუ ბაშო გუშინ დაიწყო. ქართველი სეკიტორი, ლევან გორგაძე, პირველ შეხვედრაში მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამარცხდა.

ტურნირის მეორე დღეს ტოჩინოშინი იაპონელ მესამე მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ბრძოლის დასაწყისში იაპონელმა კარგად შეუტია და ლევანს უკან დაახევინა. ნიშიკიგიმ კარგად დაიცვა მავაში და ტოჩინოშინს მისი აღების უფლება არ მისცა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქის იერიში მოიგერა, თავად მძლავრად შეუტია, როგორც იქნა მავაშიში ჩავლება აიღო და მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია.

შეგახსენებთ, რომ  ტურნირში ტრამვები სგამო მონაწილეობას იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ ვერ იღებენ, შესაბამისად ლევან გორგაძეს წარმატების კარგი შანსი აქვს. ტურნირის მესამე დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე პირველი მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.