ლევან გორგაძემ წლის მეხუთე სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მესამე დღეს ქართველი სეკიტორის მეტოქე მესამე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო.
დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ლევანმა ტაჩიაის დროს მავაშიზე ჩავლების აღება ვერ მოახერხა და წაგებასთან ახლოსაც იყო, თუმცა უკან დახევის შემდეგ მეტოქის ქამარს ორივე ხელით მოეჭიდა და მისი საყვარელი ილეთით – იორიკირით იმარჯვა.
ამგვარად, ქართველის ანგარიშზე ორი მარცხი და ერთი გამარჯვებაა. შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე კადობანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება სჭირდება.
ტურნირის დასრულებამდე 12 დღე რჩება და ტოჩინოშინის მიზანი მინიმუმ შვიდი ორთაბრძოლის მოგებაა.
დღესვე, გამარჯვება მოიპოვა გაგამარუმაც. თეიმურაზ ჯუღელის მოწინააღმდეგე სოკოკურაი იყო. გაგამარუმ უპირატესობა პირველი დაჯახებისას მოიპოვა და მეტოქის დოჰიოს მიღმა გადაყვანა აღარ გასჭირვებია. ქართველი სეკიტორის ბალანსზე ორი გამარჯვება და ერთი მარცხია.