იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ლევან გორგაძის გამარჯვება მიულოცა
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ლევან გორგაძის გამარჯვება მიულოცა

ქართველი სუმოისტის ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მიერ იმპერატორის თასის მოგებასთან დაკავშირებით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ მისალოცი წერილი გაუგზავნა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.

“საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულებას, ბატონ მიხეილ ჯანელიძეს გულითა და სულით გილოცავთ 2018 წლის სუმოს ჰაცუ-ბაშოზე (პირველ ტურში) ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის გამარჯვებას. მისი წარმატება ძალიან სასიხარულოა და აღსანიშნავია ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობის ისტორიაში. ვუსურვებ მას მომავალშიც წარმატებებს და ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო”,- აღნიშნულია წერილში.

ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.