ტოჩინოშინს მარცხი ჩაუთვალეს - გაგამარუმ კაჩი-კოში გაიფორმა
12:43, 24.05.2019
ზაფხულის სუპერტურნირის – ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მერვე მაეგაშირა ასანოიამა იყო, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს. შეხვედრამდე, მის ანგარიშზე 10 გამარჯვება და მხოლოდ ორი მარცხი იყო, შესაბამისად იოკოძუნა კაკურიოსთან ერთად ლიდერობდა. აქამდე სპორტსმენები ერთმანეთს ერთადერთხელ შეხვედროდნენ და ის ორთაბრძოლა ლევან გორგაძის გამარჯვებით დასრულდა.
ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი შეჯახებისას (ტაჩიაი) უპირატესობა ასანოიამამ მოიპოვა, მაგრამ ლევანმა ტექნიკური ილეთი – კატაცუკაში შეასრულა, მეტოქეს თავზე დააწვა და თითქოს უმნიშვნელოვანესი მე-10 გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული გუნბაი შედგა, მსაჯები დოჰიოზე შეიკრიბნენ, დაპირისპირების დეტალები განიხილეს და გამარჯვება იაპონელს მიაკუთვნეს. შეგახსენებთ, რომ ოძეკის რანგის დასაბრუნებლად ლევანს სწორედ 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება. ამჟამად გორგაძის ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ოთხი მარცხია.
წარმატებული დღე ჰქონდა გაგამარუს. თეიმურაზ ჯუღელს ჯურიოს მეთორმეტე ნომერი ტობიძარუ დაუპირისპირდა. გაგამ უპირატესობა ტაჩიაის დროს მოიპოვა და მეტოქეს დოჰიო მარტივად დაატოვებინა. ქართველი რიკიშის ანგარიშზე რვა გამარჯვება და ხუთი მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაიფორმა. ახლა მისი მიზანი მაქსიმალური ოდენობის გამარჯვების მოპოვებაა, რათა მომდევნო ბაშოზეც წარმატებით ასპარეზობის შემთხვევაში, უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში გადმოსვლის შანსი მიეცეს.