ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოზე ასპარეზობას დაასრულებს. მას ხუთიდან ხუთი ბრძოლა აქვს წაგებული და ტრავმის გამო, ჭიდაობა ძალიან უჭირს.
ქართველმა ოძეკიმ იაპონიის სუმოს ასოციაციას მიმართა და წლის მეოთხე სუპერტურნირს შეწყვეტს. ტოჩინოშინი კადობანში ჩადგება და მას ოძეკის სტატუსის დაცვა სექტემბრის ბაშოზე მოუწევს.
ლევანს სექტემბერში გასამართ ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება დასჭირდება. ქართველმა სუმოისტმა აკი ბაშოზე 15-დან რვა ბრძოლა უნდა მოიგოს. ფაქტია, რომ ქართველს ორმაგმა ტრავმამ ძალიან შეუშალა ხელი – ერთი ტრავმა მუხლზე და მეორე მხარზე, რომელიც ნაგოია ბაშომდე მიიღო.
„მარჯვენა მუხლზე სერიოზული პრობლემები მაქვს. ვარჯიშის დროს დიდ ტკივილს ვგრძნობდი, რის გამოც არ შემიძლია მაქსიმუმის გაკეთება. ჩემი ძალის ნახევარსაც ვერ ვავლენ. ეს დიდი იმედგაცრუებაა – იმედგაცრუებული და დამწუხრებული ვარ“, – განაცხადა ტოჩინოშინმა იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (NHK).