ტოჩინოშინი მარტის ბაშოზე მეშვიდე მაეგაშირა იქნება - ჰარუ ბაშო 14 მარტს დაიწყება #1TVSPORT
იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები დამდეგ ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ.
კოვიდ-პანდემიის გამო გაზაფხულის სუპერტურნირის ტრადიციული ადგილი შეიცვალა და ოსაკას ნაცვლად, ამ ბაშოსაც ზედიზედ მეექვსედ ტოკიო უმასპინძლებს.
ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას რანგით ჩაატარებს. იგი 3 საფეხურით დაქვეითდა, შესაბამისად, მარტის სუპერტურნირზე შედარებით დაბალი რანგის მეტოქეები ეყოლება.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს. ერთით გაიზარდა რიკიშთა რაოდენობა სანიაკუში (და 10-მდე დამრგვალდა) მას შემდეგ, რაც წინა ბაშოს ტრიუმფატორი, იაპონელი დაიეიშო მესამე კომუსუბად დაამატეს. დანარჩენმა კომუსუბ-სეკივაკეებმა უცვლელად შეინარჩუნეს ძველი პოზიციები.
მცირე გადანაცვლებაა იაპონელ ოძეკთა შორის. აღმოსავლეთის პირველი ოძეკის პოზიცია დაიკავა შოდაიმ, დასავლეთის პირველი ოძეკი გახდა ასანოიამა, ხოლო აღმოსავლეთის მე-2 ოძეკად ჩამოქვეითდა ტაკაკეიშო, რომელიც კადობანში იქნება ჩაყენებული და ამ ბაშოზე წოდების დაცვა მოუწევს.
ბანძუკეს უმაღლეს პოზიციაზე კი ყველაფერი უცვლელია – ჰაკუჰო და კაკურიუ ისევ ძველებურად იკავებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მხარეებს. კაკურიუსთვის ეს ბაშო ალბათ ბოლო შანსი იქნება. თუ „წერო-დრაკონი“ ისევ ვერ გამოვა დამდეგ ტურნირზე, ან გამოვა და იოკოძუნას საკადრის სუმოს ვერ აჩვენებს, დიდი ალბათობით კარიერის დასრულება მოუწევს.
რაც შეეხება ჰირამაკუს მნიშვნელოვან ცვლილებებს, აქ სამმა რიკიშიმ დაკარგა მაეგაშირას სტატუსი და სამი რიკიში გადმოვიდა მათ ნაცვლად მაკუუჩიში ჯურიოს დივიზიონიდან. თუმცა, საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არაა დებიუტანტი. 29 წლის ცურუგიშოს აქამდე 4 ბაშო აქვს ჩატარებული უმაღლეს დივიზიონში, 31 წლის ჰიდენოუმის – 6, ხოლო 28 წლის დაიამამისთვის მე-8 იქნება დამდეგი ტურნირი მაკუუჩიში.
ჰარუ ბაშო 14 მარტიდან აიღებს სტარტს და ტრადიციულად 15 დღე გასტანს.