თინათინ ბოკუჩავა - ვანო მერაბიშვილს ის სამედიცინო მომსახურება არ აქვს, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს ის სამედიცინო მომსახურება არ აქვს, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს. ბოკუჩავას თქმით, პატიმრის ადვოკატები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
„ვანო მერაბიშვილის მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ ვიყავი და მაშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე დამძიმებული არ იყო. მას შემდეგ ადვოკატები ადასტურებენ, რომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უფრო მძიმდება. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მივმართე, რომ ვანო მერაბიშვილის კიდევ ერთხელ მონახულების შესაძლებლობა მომცეს. ფაქტია, რომ მას ის სამედიცინო მომსახურება არ აქვს, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს. ნამდვილად საგანგაშოა, რომ ხელისუფლება ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ ასეთ გულგრილობას იჩენს. ამის ფონზე, რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს რიგითი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შელახვის შემთხვევაში. ადვოკატების მხრიდან, საუბარია იმაზეც, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება. ეს უკვე ძალიან საგანგაშოა და ჩემი აზრით, ასევე გამოძიებას მოითხოვს.
ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს საკითხი პარლამენტშიც დავაყენოთ, რომ გამოძიებული იყოს, რატომ მძიმდება ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა დღითიდღე და ამაში ციხის ადმინისტრაციის ან კიდევ უფრო ზემდგომი თანამდებობის პირების გარკვეული ინტერესი ხომ არ არის“, – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში დღეს გამოკვლევები ჩაუტარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.