თინათინ ბერძენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ სჭირდება
თინათინ ბერძენიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ სჭირდება

მაუწყებლობის შესახებ კანონს სწორედ ის ნაწილი აქვს ყველაზე ჯანსაღი, რომელიც დაფინანსებას ეხება და რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, რადგან ის ინსტიტუციის დამოუკიდებლობაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა პირველ არხს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის მიხედვით, თავდაყირა დგება მაუწყებლობის შესახებ კანონი და ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ალბათ, წარმოუდგენელია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პროექტის სახით, ყოველწლიურად ამტკიცოს, როგორი ტელევიზია იქნება ის ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში და პარლამენტის რომელიმე წევრს თუ არ მოეწონება ესა თუ ის პროექტი, იმ წელს შეცვალოს მისი დაფინანსება ან საერთოდაც არ დააფინანსოს იგი. ეს სრულიად გაუგებარია და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექვსივე პრინციპს, მათ შორის, დაფინანსების დამოუკიდებლობას”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

მისი განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული მოდელის ევროპაში პოვნა რთული იქნება.

„საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის დროზე ევროპული მოდელით იხელმძღვანელა. ამ მოდელს ამჟამად სხვა ქვეყნებიც იღებენ, მათ შორის, ჩვენი კანონის მიხედვით იხელმძღვანელა და შეცვალა რეგულაცია მოლდოვის ტელევიზიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოთავაზებული მოდელის პოვნა ევროპაში გაგვიჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი და ფუნდამენტი არის ის, რომ იგი ყველა ქვეყანაში დამოუკიდებელია, უპირველესად კი ფინანსურად.

რა თქმა უნდა, როგორც კი სახელმწიფო გადაწყვეტს, მის ბიუჯეტში ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება, მისი გემოვნების ან პროექტების ავ-კარგიანობის შეფასებით, ვფიქრობ, ასეთი ფორმით ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ სჭირდება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა. ინიციატივა, რომლის ავტორია დეპუტატი რომან გოცირიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინასნების წესის შეცვლას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა განისაზღვრება მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე. უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.