თინა ბოკუჩავა - სააკაშვილს მიეცემა თუ არ მიეცემა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება აქცია
თინა ბოკუჩავა - სააკაშვილს მიეცემა თუ არ მიეცემა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება აქცია

პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცემა თუ არ მიეცემა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება აქცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გაუჭირდება პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, დათანხმდება თუ არა პროკურატურა პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებას.

„რეჟიმისგან, რომელიც იტაცებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და საათზე მეტი არავისთვის ცნობილი არ არის მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფონზე, მისი ნების წინააღმდეგ ხდება მისი გადაყვანა დაწესებულებაში, სადაც არ არის მისი ღირსების უფლება დაცული და სადაც ის ვერ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ასეთი რეჟიმისგან ბუნებრივია, ძალიან რთულია, რომ რაიმე პროგნოზირებად და რაციონალურ ნაბიჯებს ველოდით. შესაბამისად, წინმსწრებად, სამწუხაროდ, ვერანაირად პროგნოზს ვერ გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, დათანხმდება თუ არა პროკურატურა სასამართლოს მოთხოვნას, თუმცა ერთი შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს არანაირი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება პროკურატურის არ იქნება. ეს არის ივანიშვილის მორიგი თამაში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ფორმალობა და ფარსია თავად ეს პროცესიც, ამიტომ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. აქციასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცემა თუ არ მიეცემა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გაიმართება აქცია. მას ამ დრომდე არ ჰქონია სასამართლოზე წარდგენის უფლება, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე დარღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპის, რაც კიდევ ერთხელ აისახა იმ განცხადებებში, რომლებიც აისახა დღეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავამ ასევე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე და გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილებოდა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

„ძალიან მიჭირს მწყობრი და რაციონალური პასუხი გავცე ასეთ აბსურდულ ბრალდებებს. მე ერთ კითხვას დავუსვამდი ბატონ კობახიძეს, მის ბოდვით წარმოსახვაში, მაინტერესებს, ამ ათკაციან თათბირს ვესწრებოდი თუ არა მაგალითად მე? თინა ბოკუჩავა და თუ ვესწრებოდი, მაშინ რატომ არ არის წარდგენილი ბრალი ჩემ წინააღმდეგ განზრახ სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით? ეს არის აბსურდი, წარმოუდგენელი ბოდვა, რაც ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად, რომ საზოგადოებაში დათესონ არეულობა, ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.