თინა ბოკუჩავა - მაიკ პომპეოს მხრიდან ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ღიად საუბარი ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, თუ ამ პროექტს დაასამარებს
თინა ბოკუჩავა - მაიკ პომპეოს მხრიდან ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ღიად საუბარი ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, თუ ამ პროექტს დაასამარებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მხრიდან ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ღიად საუბარი იმას ნიშნავს, რომ აშშ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, თუ ამ პროექტს კონკურეტუუნარობის, ან სხვა არგუმენტებით დაასამარებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტს სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნის.

„რომან კაკულიას განცხადება, თითქოს ანაკლიის პროექტი კონკურენტუნარიანი არ არის, იმ ეჭვებს აღრმავებს, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად ეცდება, შეაჩეროს და დაასამაროს ანაკლიის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისით სტრატეგიული პროექტია. ის სკანდალიც უნდა გავიხსენოთ, რაშიც ნათია თურნავა გაეხვა, როცა გაირკვა, ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს, ანაკლიის პორტს კონკურენტული პროექტები შეუქმნას. მათ შორის, ფოთის პორტის გააქტიურებით, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერდეს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სასამართლო სისტემისა და არჩევნების შესახებაც ისაუბრა. „მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ამასთან, პომპეოს თქმით, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.