თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ცდილობს, დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება

ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს, დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ახალი ცვლილებათა პაკეტი  ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს და აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ანტირეკლამა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

„დღევანდელი ფორმულირებით ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და შეუზღუდოს პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები, რადგან შედის რეკლამის შინაარსში, მათ შორის ანტირეკლამის ნაწილში, სადაც ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს და აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ ანტირეკლამა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ძალებით, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, ასეთი ფორმით არ მივიღოთ ცვლილებები, რათა სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.