თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ მალე გამოჩნდება
თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ მალე გამოჩნდება

ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი საქართველოშია. ასევე, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ ის იქნებოდა ძალიან შორს, როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მას მოიხმობდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იხმობს პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ამასთან, კითხვაზე, ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას თუ იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილზე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ ჰქონდათ.

„ძალიან მაღალია მოლოდინი პრეზიდენტი სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ჰქონდათ ევროპარლამენტარებს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს სააკაშვილთან ერთად ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიღაც კონკრეტული პარტიის გამარჯვებას, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას. ძალიან მალე გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.