თინა ბოკუჩავა - ჩემი მხრიდან გონივრული არ იქნებოდა, დავთანხმებოდი ფოთის მერობის კანდიდატობაზე შემოთავაზებას, რადგან ამ ქალაქთან არ მაქვს შესაბამისი ბმა, გიგი უგულავას კანდიდატურას მხარს ვუჭერ
თინა ბოკუჩავა - ჩემი მხრიდან გონივრული არ იქნებოდა, დავთანხმებოდი ფოთის მერობის კანდიდატობაზე შემოთავაზებას, რადგან ამ ქალაქთან არ მაქვს შესაბამისი ბმა, გიგი უგულავას კანდიდატურას მხარს ვუჭერ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ფოთის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით პარტიისგან შეთავაზება მართლაც მიიღო, თუმცა უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამ ქალაქთან შესაბამისი ბმა არ აქვს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიგი უგულავას კანდიდატურას მხარს უჭერს.

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ ვხედავ, რომ ჟურნალისტური ინტერესი ძალიან მაღალია. შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დიახ, ნამდვილად, პარტიისგან იყო ეს შემოთავაზება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ ისტორიულ ქალაქთან არ მაქვს შესაბამისი ბმა, ჩავთვალე, რომ ჩემი მხრიდან გონივრული და მიზანშეწონილი არ იქნებოდა, დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებას. ეს არის ამ გადაწყვეტილების მთელი ანატომია. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ გიგის კანდიდატურას. ვაპირებ, რომ სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მივიღო კამპანიაში, იქნება ეს ფოთში, ზუგდიდში, თბილისში, თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ნამდვილად წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ბრძოლაში“, – აღნიშნავს თინა ბოკუჩავა.

რაც შეეხება კითხვას, „იყო თუ არა განხილული გიგი უგულავას კანდიდატურა ოპოზიციურ პარტიებთან და ექნება თუ არა მას ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა?“, – ბოკუჩავას თქმით, დეტალური ინფორმაცია არ აქვს, უგულავას კანდიდატურის შემთხვევაში რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები.

თუმცა, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მიიღოს მხარდაჭერა სრული ოპოზიციური სპექტრისგან ნებისმიერ მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდისაც მე მივიღე ეს შემოთავაზება, სხვა ოპოზიციური პარტიები იქ კანდიდატის დაყენებას არ აპირებდნენ, რამდენადაც ვიცი, მათ შორის იყო „ევროპული საქართველოც“, თუმცა ახლა, გიგის კანდიდატობის შემთხვევაში რას გეგმავენ სხვა ოპოზიციური პარტიები, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა კანდიდატმა მიიღოს მხარდაჭერა სრული ოპოზიციური სპექტრისგან, იქნება ეს ფოთში, ზუგდიდში, თბილისში, თუ ნებისმიერ თვითმართველ ქალაქში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რადგან ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთაა და გარწმუნებთ, რომ ასეთი გაცილებით მეტია, ვიდრე სახელისუფლო რესურსი, ნამდვილად არის მაქსიმალური ერთიანობა ოპოზიციაში“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, ზოგადად ყველა კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის პროცესშიც მიმდინარეობდა კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას შორის, მათ შორის იყო ჩართული „დროა“ „გირჩი“ და ბევრი სხვა ოპოზიციური პარტია.

„გიგი უგულავასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. შემიძლია, გითხრათ, რომ მე ამ შემოთავაზებაზე განვაცხადე უარი იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც დაგისახელეთ. რამდენიმე დღის შემდეგ, დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი საჯარო სივრციდან, რომ ეს კანდიდატი იქნებოდა გიგი უგულავა, შესაბამისად, რა თქმა უნდა ამ დეტალებთან დაკავშირებით თავად გიგის უნდა ჰკითხოთ, რადგან ის არის კანდიდატი და მას ეცოდინება დეტალები სხვა ოპოზიური პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავას წარადგენენ. მანამდე საუბარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ, მოქმედ დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე. „ჩანაცვლება არ მომხდარა, უბრალოდ გადაწყვეტილების პროცესში ვიყავით და საბოლოოდ გადაწყდა გიგი უგულავა. არჩევანი იყო ძალიან ბევრი, თუმცა ბოლოს გადაწყდა უგულავა“, – განმარტა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.